ჭალადიდის წმ. ნინოს სახ. ეკლესია |
დღეს, 27 იანვარს წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. ქალწული დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 (19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 (14) იანვარს - გარდაცვალება.
ხობის მუნიცილაიტეტის გამგეობა გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს!