ხობის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე ორი პროექტი დაუფინანსდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 476 262 ლარი ქალაქ ხობის ცენტრის (ტროტუარები, გზის სავალი ნაწილი და მიწისქვეშა კომუნიკაციები) კეთილმოწყობის სამუშაოებისა და თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ციფრული საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის მოითხოვა.
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას შესაბამისი პროექტები წარედგინა. აღნიშნული პროექტების შესწავლისა და მსჯელობის შემდეგ კი სხდომაზე მისი დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. პროექტებს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ამტკიცებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა იღებს.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.