სამეგრელოში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს


სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში დაკარგული 65 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 65 წლის ზაურ წოწორია ბოლოს სამი დღის წინ თავისმა ძმამ ნახა. 
როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, ზაურ წოწორიას ცხედარი დაკარგვის ადგილიდან კილომეტრნახევარში აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა აიეტ კახიძემ იპოვა.
"სამეგრელოდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს თხოვნით მიმართეს დაკარგული 65 ზაურ წოწორიას სამძებრო ღონისძიებებში აჭარელი მაშველების ჩართვის შესახებ. საქმეში ჩაერთვნენ ჩვენი მყვინთავები და სამდღიანი ძებნის შემდეგ ხობში, ჭაობიან ტერიტორიაზე, დაკარგვის ადგილიდან კილომეტრნახევარში ცხედარი იპოვეს", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.