სახელმწიფო 800 ათას მცირემეწარმიან ფერმერს დაეხმარება

 
დღეს,  ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის დარგობრივი განვითარების, რეგიონებთან ურთიერთობის და კოოპერაციის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  ამირან ოქროშიძე, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ჯიმშერ კოშაძე და  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ხვიჩა  ჟიშკარიანი  სტუმრობდნენ.
   საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მცირემეწარმიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ფარგლებში მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების გადაცემის ორგანიზებულად წარმართვისათვის სიების გადამოწმების, ჩასწორების, ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესებთან დაკავშირებით გამართეს შეხვედრა. შეხვედრას გამგებელთან ერთად  მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ესწრებოდნენ.
  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას იწყებს, თითოეული მიწის მესაკუთრე, რომელიც ფლობს 1.25 ჰა  ან ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთს, პროექტით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს. ბენეფიციარები სარგებლის სახით, უსასყიდლოდ მიიღებენ მათ საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ხვნის სერვისს ან/და სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქებს ან/და სათესლე მასალას ან/და სასოფლო-სამეურნეო ქიმიურ საშუალებებს.
   პროექტის ფარგლებში, წელს ქვეყნის მასშტაბით  800 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ხელშეწყობას.