სამეგრელოს რეალური ტურისტული პოტენციალი, არარსებული სათანადო ინფრასტრუქტურა, დაინტერესებული პირებისთვის აუმოქმედებელი საინფორმაციო ცენტრები და ყველა ის ელემენტი, რომელიც რეგიონში ტურიზმის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირეულ მიმართულებას აბრკოლებს, ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
წარმოდგენა - თითქოს სამეგრელო მოგზაურობის მოყვარულთათვის ტურისტულად ნაკლებმიმზიდველი კუთხეა მითი რომ არის და არა სინამდვილე, დემოკრატიული ჩართულობის ბაზაზე ამოქმედებული ტურიზმის რეგიონული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რომან თოლორდავამ ჯერ კიდევ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა.
მისი განცხადებით, ვითარება და მოცემულა, რაც რეგიონს აქვს, პირიქით, ამ წარმოდგენისგან განსხვავებულია და რეალურად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის სამეგრელო ერთადერთი კუთხეა, სადაც მთებს, მღვიმეებს, უფსკრულებს, ტბებს, ზღვას, მდინარეს, მყინვარებს, მინერალურ წყლებს და უკვე გადაშენების პირას მყოფ სამედიცინო დანიშნულების მცენარეებს კომპლექსურად ვხვდებით. მათ შორისაა ციკლამენი, ე.წ კოლხური ყოჩივარდა, ასევე ბეტულა მეგრელკა, რომელსაც კოლხურ არყს ეძახიან.
„სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობს საკუთარ რეგიონს, რადგან მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. ზუგდიდიც დღეს ტრანზიტული რაიონია მხოლოდ. არადა, სამეგრელო ტურისტულად მიმზიდველი კუთხეა, სადაც ჯიხვსაც კი შეხვდებით, იმის მიუხედავად, რომ დომკუმენტებში მსგავსი რამ არ არის აღნიშნული. ჩვენს ხელთ არსებული პროდუქტი სრულად უნდა შევისწავლოთ და სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკი დაფუძნდეს, სადაც რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტები გაერთიანდებიან. დღეს ეს არ ხდება“, - აღნიშნა რომან თოლორდავამ.
„ზუგდიდი ჰოსტელის“ მეპატრონე მარიკა თოდუას თქმით, ქვეყანაში არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა ტურიზმის განსავითარებლად და ეს მიმართულება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ძირეული ბერკეტია, თუმცა არ გვხვდება ადექვატური ინფრასტრუქტურა, მათ შორის სრულყოფილი ინფორმაციით დატვირთული რუკები, შესაბამისი ცენტრები, ელეტრონული გზამკვლევები და სათანადო ნიშნულები.
„ეს ის სფეროა, რომელიც სხვადასხვა რგოლს მოიცავს და შემოსავლების მხრივ ნაყოფიერი იქნება. რეგიონში სეზონზე მოძრაობენ ტურისტები, თუმცა არ რჩებიან ადგილზე. მათი 30% მხოლოდ ღამეს ათევს ზუგდიდში, 70% სვანეთში მიემგზავრება, აფხაზეთში კი 25% გადადის რისკების მიუხედავად. პრობლემები უზარმაზარია, პოტენციალი კი კიდევ უფრო მეტი“, - განმარტა მარიკა თოდუამ.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გოგიტა ჩიტაიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში არქეოლოგიური მუზეუმი შეიქმნას.
„დაგროვილი გვაქვს უამრავი მასალა. ოქროს საწმისი, მედეა - მათ ტურისტი ვერ აკავშირებს სამეგრელოსთან. რთული იქნება, თუმცა კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გოგიტა ჩიტაიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ტურიზმის მიმართულებით მცირე ოდენობის თანხები პირველად განისაზღვრება და ის ამ სფეროს განსავითარებლად სხვადასხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობას მოხმარდება. შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც შემოთავაზებულ იდეებს განიხილავს.
„ტურიზმი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს სამეგრელოს რეგიონისთვის. მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობა ამ პროცესში. ამასწინათ უკრაინაში მოსალოცად გავემგზავრეთ. კარგი იქნება საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარებაც და ამ მოდელის გადმოღება. ვფიქრობ, ტურიზმი იქნება ის სფერო, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს სამეგრელოს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ ის მწირი რესურსი, რაც აქვთ, იმის შესაბამისად გადაანაწილონ, თუ სად არის რეალურად მეტი მზაობა ტურისტების დასახვედრად.
„იმ პრობლემების 90%, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, მოგვარდება. მზადდება ელექტრონული გზამკვლევები, გაკეთდება რუკები, ნიშნულები ტურისტულ მარშრუტებზე, ასევე გაიხსნება საინფორმაციო ცენტრები ჩხოროწყუსა და მარტვილში, ზუგდიდშიც, სავარაუდოდ ზაფხულისთვის. ერთიანი სამეგრელოს რუკა, რაც გვაქვს, შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, თუმცა ხელახლა მისი დამზადება მეტი დეტალების დატანით, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლაშა წურწუმიამ.
დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.