თამარის ჯვარი

თამარ მეფის ჯვარი საუკუნეების განმავლობაში ხობის(ხოფის) მონასტერში იყო დასვენებული


მეორე გვერდზე ჯვარისა სევადით ასომთავრული წარწერაა: ,,ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს''.

1945 წლის აპრილი იყო, - ჰყვება ბატონი სერგი ჭიალია, - საქართველოს დაუბრუნდა 1921 წელს პარიზში გაზიდული ისტორიული განძი. მისი მცველი და გადამრჩენელი, დიდი ეროვნული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თბილისის აეროპორტიდან შემოზიდული ყუთების მიხედვით აღწერილ განძს აბარებდა საქართველოს მთავრობის კომისიას, რომელსაც აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია მეთაურობდა. მე ბედმა მარგუნა, ვყოფილიყავი ამ კომისიის წევრი, ამ მღელვარე დღეების მოწმე და მონაწილე. 57 სხდომა ჩატარდა და 5 თვე გრძელდებოდა ეს ისტორიული აქტი. მიღება-ჩაბარებისას მოხდა უცნაური რამ: ერთ-ერთ ყუთში, რომელშიც თამარის ყელის ჯვარი უნდა ყოფილიყო, ყუთის გახსნისას ის არ აღმოჩნდა. მრავლისმეტყველი დუმილი ჩამოვარდა. ანერვიულდა ბატონი ექვთიმე, ბატონი სიმონი ჩვეული სიდინჯით ამშვიდებდა მას. ნერვიულობა მაინც ყველას გადაედო. სწორედ ამ დროს იროდიონ სონღულაშვილმა მორიგი ყუთის გახსნისას ,,აღმოაჩინა'' და სასოებით გადასცა ბატონ ექვთიმეს ,,თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული''. მის თვალებში ცრემლები შევნიშნეთ. სიხარულით გულანთებულმა ბრძანა: მე ეს ჯვარი პირველად ხელში ავიღე და აღვწერე კიდეც 1914 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში ,,არქეოლოგიური მოგზაურობანი საქართველოში'', - აქ შეჩერდა, ჯვარი ბატონ სიმონს გადასცა და დაუმატა: - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მე ამ ნივთებთან ბედმა დამაკავშირა, ჩემმა პროფესიამ. მე მათთან ერთად გამოვიარე ჩემი ცხოვრების ტანჯვითა და ხიფათით სავსე გზა ბათუმიდან პარიზამდე და უკან - პარიზიდან თბილისამდე. ყოველ ამ ნივთში ჩემი სულის ნაწილია ჩადებული''...


https://www.facebook.com/photo.php?fbid=253754151447597&set=a.157742654382081.1073741825.100004390414676&type=1&theater