მუსიკოსის თქმით, მას პოლიციელმა სასტიკად სცემა [Video]

25.11.2013

ცაიშის მკვიდრი როინ ქადარია აცხადებს, რომ ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პაპუნა ფაჩულიამ სასტიკად სცემა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ხობში წუხელ მოხდა:
„ვმუშაობდი ქორწილში მუსიკოსად, მოვიდა ჩემთან პაპუნა ფაჩულია და მთხოვა რაღაც მუსიკა დაუკარიო, რომელიც არ ვიცოდი და ამის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. აბა რა იციო, მითხრა. ცოტა ხანში, როცა გარეთ გავედი, კედელზე მიმაყენა და სასტკად მცემა“, - ამბობს როინ ქადარია, რომელსაც სახის არეში დაბეჟილობები ეტყობა. იგი ამჟამად საკუთარ სახლში მკურნალობს.

მუსიკოსი ამბობს, რომ ცემის შემდეგ თავის ძლიერი ტკივილები აწუხებს. იგი პოლიციელის დასჯას ითხოვს:

„მაშინ, როდესაც კრიმინალები მოგვაშორეს, ეს ადამიანები არ უნდა გვცემდნენ ჩვენ, ვინც ამ კრიმინალებს დასდევდა. მე რატომ უნდა მეშინოდეს პოლიციის? მოვითხოვ იმ დამნაშავის დასჯას“.

როინ ქადარიას განცხადებით, მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ხობის პოლიციას, რომელმაც მისივე სიტყვებით, ფაქტის მოკვლევა დაიწყო.