რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში

    
 11-18 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში არსებული  წარმოება-დაწესებულებების პირველობა მინი-ფეხბურთში   ჩატარდა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული რამაზ კიტიას ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში მონაწილეობდა 12 გუნდი. A-ჯგუფში ასპარეზობდნენ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“, გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის, საკრებულოსა და  გამგეობის, დაცვის პოლიციისა და „ლიბერთი ბანკის“ ფეხბურთელთა გუნდები, ხოლო B-ჯგუფში მონაწილეობდნენ შპს  „შარაგზამშენი პირველის“, შს ხობის რაიონული  სამმართველოს, ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის, ბანკების: კრისტალის, კონსტანტასა და ჯანდაცვის ფეხბურთელთა გუნდები. ჯგუფური თამაშების შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები. მესამე ადგილის მფლობელი გახდა  რესურსცენტრის ფახბურთელთა გუნდი, მეორე ადგილი მოიპოვა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გუნდმა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა საფეხბურთო სკოლის გუნდი, რომელმაც ღირსეული თამაშით გულშემატკივართა სიმპათია დაიმსახურა. 
   ტურნირის გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  თასებითა და სიგელებით   დააჯილდოვეს  შემდეგ  ნომინაციებში:  საუკეთესო მეკარე - გია არჩილია, საუკეთესო მცველი - ანატოლ ჩარტია, ბომბარდირი - ნიკა ვეკუა, უხუცესი ფეხბურთელი - ფრიდონ გოცირიძე, საუკეთესო თავდამსხმელი - შოთა მიქავა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - ზურაბ ლატარია. დაჯილდოებას ესწრებოდნენ  რამაზ კიტიას დედა და და. ტურნირის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებმა და ტურნირის ორგანიზატორებმა, რამაზ კიტიას ახლობლებთან ერთად, საფლავზე პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელის ხსოვნას.