სახელი და გვარი - მურმან შელია
პროფესია - აგრონომი
თანამდებობა - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.
ბავშვობიდან მოგონებად დარჩენილი წუთები... წუთები რა დასათვლელია, მთელი ბავშვობა ბედნიერებაა - მშობლის სითბო, ალერსი დაუვიწყარი მოგონებებია.
რომელი სურვილი ვერ აისრულეთ? მიუხედავად სურვილისა, ძალიან ცოტა ხანი ვიმუშავე პროფესიით, მიმაჩნია რომ ადამიანმა ის უნდა აკეთო, რაც ყველაზე უკეთ იცი. ჩემს შემთხვევაში მგონია, რომ ეს არ გამოვიდა.
რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე? უპირველესად სიმართლის თქმა , გაჭირვებაში მართალი კაცის მხარში დგომა მიმაჩნია ჩემი ხასიათის ძლიერ მხარედ.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება? როცა რომელიმე ნაწარმოებს ვკითხულობ, არასდროს ვინტერესდები ავტორით, რაც უცნაურია და თანაც ცუდ თვისებად მიმაჩნია.
უხერხული სიტუაციიდან როგორ იხსნით თავს? თუ უხერხული სიტუაციის შექმნას უნებლიეთ თვითონ შევუწყვე ხელი, ბავშვივით ვწითლდები და თუ საჭიროა ბოდიშსაც ვიხდი.
ის, რაც მომავალ თაობას გინდათ ჰქონდეს? ჩვენს თაობას გარკვეული მიზეზებით ბევრი რამ დააკლდა. ღმერთო ეს დანაკლისი ჩვენს შვილებს შეუვსე და ბედნიერი გახადე.
როგორ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება? უსიყვარულოდ ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, თუ ამ ღვთაებრივ ნიჭს მოკლებული ხარ ცხოვრება - არსებობას ემსგავსება.
რა მოგწონთ ადამიანებში? ადამიანი ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან შეხედო, მას ყველა რაკურსით უნდა უმზირო, თუმცა საუკეთესო მხრიდან უნდა მიუდგე. თანაც უნდა ეცადო აღმოაჩინო ყველა კარგი თვისება.
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად? რომ ცხოვრება წარმავალია, ადამიანი ამ ქვეყნად სახელისათვის ცხოვრობს. „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი? ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის დედაა, ღმერთი გაანათებს მის სულს და ჩემი დისშვილი - თემურიკა.
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? მიმაჩნია რომ ბუნებით აქტიური პიროვნება ვარ და იმდენად რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკით დაინტერესების დონე ძალიან მაღალია არ უნდა იყოს გასაკვირი ჩემი პოლიტიკაში მოხვედრა (ადგილობრივ დონეზე)
რა არ მოგწონთ? განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსების ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობა, საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად სხვისი ლანძღვა და ყველაზე ბინძური ხერხების გამოყენება.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ყველა ვინც ჩემს რწმენას და აზრს არ უწევს ანგარიშს, თავისთავად ჩემი ოპონენტია, თუმცა მათ მაინც პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი კარგი პიროვნებაა.
გამორჩეული ფრაზა თუ გაქვთ, რომელსაც ხშირად იმეორებთ? „ შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობია“.
რას ინატრებდით? ნეტავ შეიძლებოდეს ცხოვრების ხელახლა დაწყება.
ცხოვრებაში რას დაივიწყებდით? დავივიწყებდი უნებლიე, ჩემს მიერ ჩადენილ შეცდომებს, რომელთა გახსენება არ მსიამოვნებს მაგრამ ვაი, რომ არ გამომდის.
თქვენი საყვარელი სასმისი რომელია? ფიალით შესმულ ღვინოს და ნათქვამ სადღეგრძელოს სულ სხვა ეშხი აქვს.
სადღეგრძელო? სიყვარულის სადღეგრძელო. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.
რას არ გააკეთებდით არასოდეს? ადამიანს, პიროვნებას არასოდეს შევურაცვყოფ.
რა არ გაინტერესებთ? სხვის სულში ხელების ფათური ჩემი საქმე არ არის და არც მაინტერესებს.
რისი გჯერათ? მჯერა სიკეთის, სიყვარულის, მჯერა რუსთველის „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“
რითი ალამაზებთ თქვენს ცხოვრებას? ფიქრით, ოცნებით და წიგნების კითხვით. ისე მეგობრებთან ქეიფიც არ მიუშნოვებს ცხოვრებას.
რით დაასრულებთ საუბარს? მინდა ხობს, ხობელებს და საქართველოს ვუსურვო არასდროს დაჰკარგვოდეთ მომავლის რწმენა, რწმენა ღვთისა და ადამიანისა