სიმღერა მისი ცხოვრების ნაწილია. ეს არის მისი უდიდესი გატაცება. ზაზა ბაჩილავა ბავშვობიდან მღერის, სპეციალური განათლება ვოკალში არასოდეს მიუღია, ის მხოლოდ თავისთვის ღიღინებდა... თავიდან არც ფიქრობდა, რომ მომღერალი გახდებოდა, მაგრამ ამ სამყაროში ფეხის შემოდგმისთანავე სხვა საქმის კეთება აღარ მოისურვა. ამაში მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა კირიონმა დიდი როლი ითამაშა...
ზაზა ბაჩილავა ხობელებისთვის საყვარელი პიროვნებაა, შესანიშნავი ხმის მქონე ახალგაზრდა. მან უკვე შექმნა თავისი ისტორია მოიპოვა ადამიანების სიყვარული და მხარდაჭერა მშობლიურ ქალაქში და არამარტო აქ... მასთან ურთიერთობა ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს, ახლობელ ადამიანებს სითბოს და სიყვარულს უხვად უნაწილებს. საკმარისია, ერთხელ გაესაუბროთ და მიხვდებით, რაოდენ საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია.
ხუთი წელია ხობიდან დედაქალაქში გადავიდა და თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტში ეუფლება მუსიკალურ განათლებას.
გადავწყვიტე, ჩემთვის და თქვენთვის საინტერესო რამოდენიმე კითხვით მასთან ინტერვიუ ჩამეწერა.
ზაზა, ხობელებისთვის თქვენი წარდგენა საჭირო არ არის, რადგან ყველა ისედაც კარგად გიცნობთ, მაგრამ მოდით, მაინც წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი, როდიდან ეზიარეთ ამ სამყაროს?
დავიბადე ქ. ხობში. ვცხოვრობ ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხეთაში. დავამთავრე ხეთის საჯარო სკოლა.
რაც თავი მახსოვს ვმღერი. სკოლის პერიოდში არ ვმღეროდი არცერთ ანსამბლში და არც რომელიმე ბავშვთა ანსამბლში მიმღერია. მხოლოდ ჩემთვის ვღიღინებდი. გარშემომყოფები ამჩნევდნენ სიმღერისადმი ჩემს ნიჭს და მირჩევდნენ ამ გზას გავყოლოდი...
სოფელ ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მაშინდელმა მოძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ, რომელსაც ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა, გადაწყვიტა შეექმნა მამაკაცთა მგალობელთა გუნდი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დეკანოზ კირიონის მეუღლე ნინო ციცხვაია. მართალი გითხრათ, დიდად არ ვიყავი შეყვარებული ხალხური სიმღერებით, უფრო მეტიც, ეს ჟანრი უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ როდესაც გარკვეული ნაწილი შევისწავლე საგალობლებისა, ტაძარში მსახურებისას ვგალობდი, პარალელურად კი ვსწავლობდი ხალხურ სიმღერებს. როდესაც ერთ-ერთ გამართულ ხალხურ საღამოზე უნიჭიერესმა ლოტბარმა ნუგზარ ზარანდიამ მოისმინა ჩემი ნამღერი, შემომთავაზა მის მიერ ჩამოყალიბებულ ბიჭუნათა ანსამბლში მუშაობა... მალე ანსამბლ ''კოლხეთის'' წევრი გავხვდი...
თქვენ არაჩვეულებრივად მღერით, გალობთ, რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენთან?
რამოდენიმე თვეა, რაც ფოლკლორული ანსამბლი `ხარება~ ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ათი წევრისაგან შედგება. ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ყველა კუთხის სიმღერებს ვასრულებთ, რეპერტუარში ძირითადად მეგრული სიმღერები ჭარბობს. ჯერ თამამად სიახლეებზე და წარმატებებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ და სამომავლო საქმეს განახორციელებს ანსამბლი ''ხარება,''ამ ყველაფრის მოწმენნი კი ერთად ვიქნებით. ვაპირებთ, საქართველოს ყველა კუთხეში სოლო კონცერტების ჩატარებას.
გვიამბეთ, საიდან წამოვიდა ანსამბლის შექმნის იდეა, რა იყო წინაპირობა?
_პირველ რიგში ქართული სიმღერის სიყვარულმა. რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, სულ ვფიქრობდი ანსამბლის ჩამოყალიბებაზე, მსურდა ერთი დიდი საქმე გვეკეთებინა. როდესაც ერთად თავი მოიყარეს ნიჭიერმა მომღერლებმა, გადავწყვიტე სურვილი განმეხორციელებინა, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ, ვსწავლობ, რაც ყველაზე მეტად მახარებს და დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
საიდან წამოვიდა ანსამბლის სახელწოდება?
ანსამბლის სახელწოდების შერჩევისთვის დიდი დრო დაგვჭირდა. ძალიან ბევრი სახელწოდება განვიხილეთ. ვფიქრობდით, უფრო დასავლური სახელი შეგვერჩია, კონკრეტულად მეგრული, ან ისეთი, რაც მეგრულთან იქნებოდა კავშირში, რადგანაც ანსამბლის წევრების უმრავლესობა სამეგრელოს კუთხის წარმომადგენლები ვართ. `'ხარება'' ღვთისმშობლის ხარებასთან ასოცირდება, მეგრული სიტყვაა და ზოგადად ქართველებისთვის კარგი სიტყვაა...
რა არის თქვენი ანსამბლის მიზანი?
შევისწავლოთ ყველა კუთხის სიმღერა და საგალობლები, აღვადგინოთ მივიწყებული სიმღერები. პირველ ეტაპზე გვსურს, ჩავატაროთ ყველა კუთხეში და მუნიციპალიტეტში ღონისძიებები, რომ უფრო მეტი მსმენელი და შემსრულ
ებელი ყავდეს ქართულ ხალხურ სიმღერას. ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა, არ უსმენენ ამ ჟანრს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიივიწყა გემოვნებიანი სიმღერა და მჯერა, მალე ქართულ ხალხურ სიმღერას ბევრი მსმენელი და შემსრულებელი ეყოლება.
ქართული ხალხური სიმღერების გარდა, როგორი მუსიკა მოგწონთ?
ძირითადად ქართულ სიმღერებს ვუსმენ. გააჩნია რა განწყობაზე ვარ, მაგრამ ქალაქურ სიმღერებს მაინც გამოვარჩევდი... გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო ალექსანდრე ბასილაიას და გოგი ცაბაძის დაწერილი სიმღერები, გოგი დოლიძის და თემურ წიკლაურის შესრულებული სიმღერები. თამამად ვადასტურებ იმას, რომ `'ლამაზი ხმის ტემბრის მქონე და კარგი გულის პატრონი ყველაზე კარგი მომღერალია.''
და ბოლოს, რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა გაქვთ მიღებული?
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ვღებულობ, ყველა მნიშვნელოვანია, ანსამბლის ჩამოყალიბებამდე უამრავ ღონისძიებაზე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გამოვყოფდი გოგი დოლიძის სახელობის სასიმღერო კონკურს და ცონცერტს, სადაც ლაურეატის წოდება მოგვანიჭეს. ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარებულ კონცერტს, სადაც სახელმწიფო ორკესტრთან მოგვიწია სიმღერა, ანსამბლ `ბასიანის~ მიერ თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ სოლო კონცერტს... ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და დასამახსოვრებელია პროფესიონალებთან მუშაობა...
წარმატებებს გისურვებთ ზაზა!
გმადლობთ, თქვენც ასევე!
ესაუბრა