საქართველოში კრიმინოგენული ვითარება დღითიდღე რომ უარესდება, ამაზე თითქმის ყოველდღიურად მედიასაშუალებებში გასული ინფორმაციებიც მეტყველებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთგვარი ტენდენცია შეინიშნება ისეთი მძიმე დანაშაულების გახშირების, როგორიცაა მკვლელობა, ადამიანების გატაცება, ყაჩაღობა, ძარცვა. ამ მხრივ, გამონაკლისი, არც ხობის რაიონია. დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ რაიონში ყაჩაღობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ზუგდიდის „თავისუფალი ზონის“ ინფორმაციით, 8 სექტემბერს, ღამით, დაუდგენელმა პირებმა უკანონოდ შეაღწიეს ხობის რაიონის სოფელ თორსა-დღვაბაში მცხოვრებ ბუთხუზ ბუკიას საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ოჯახის კუთვნილი კომპიუტერი და სხვა ნივთები. 9 სექტემბერს, ამავე რაიონის სოფელ პირველ მაისში, „ოქროს საწმისის“ ტერიტორიაზე, კარავში დააყაჩაღეს ქ. ზუგდიდში მცხოვრები რევაზ ლოგუა. ყაჩაღობა განახორციელა ავტომატური იარაღებით შეიარაღებულმა ოთხმა პირმა, რომლებმაც სასტიკად სცემეს რევაზ ლოგუა და გაიტაცეს ფულადი თანხა. ზუგდიდის „თავისუფალ ზონას“ დაუკავშირდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის ფაქტი მოგვითხრო. ბენზინგასამართ სადგურზე აგვისტოს თვეში განხორციელდა ქურდობის ფაქტი და მაშინ 100ლიტრი ბენზინი იქნა წაღებული. აღნიშნული ფაქტი პოლიციისთვის ცნობილი გახდა, თუმცა, გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დაწყებულა. პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობას მეორე დღესვე მოჰყვა ქურდობის მცდელობა. ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორის ვალერი ქვარცხავას განმარტებით, როდესაც დაინახა ორი პიროვნება თუ როგორ ცდილობდა ბენზინის ავზის ბოქლომის გატეხვას, მან დამნაშვეებს ყვირილი დაუწყო, რის შემდეგაც ისინი მიიმალნენ. ქვარცხავამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა, ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა. პოლიციელების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში ნიღბიანი პირი თავს დაესხა ვალერი ქვარცხავას, რომელიც იმყოფებოდა ჯიხურში და სცემა იმის გამო, რომ მან პოლიციას შეატყობინა მომხდარი ფაქტი. ყაჩაღური თავდასხმისა და ცემის შესახებ დაზარალებულმა პოლიციას 112-ით აცნობა, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ამჯერადაც მივიდა, ერთი განსხვავებით-მათ ქვარცხავას კვლავ დაარეკინეს საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში და იძულებით განაცხადებინეს, რომ მასზე არ მომხდარა თავდასხმა. გამომდინარე იქედან, რომ ქვარცხავას სხეულზე და სახეზე აღენიშნებოდა ცემის კვალი, ძალოვანები იძულებულნი გახდნენ, რომ საქმის ძიება დაეწყოთ. ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კაკაბაძე-ბესელია-ხიდაშელის ძალისხმევით, ივანიშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული საყოველთაო ამნისტიისა და ღარიბაშვილის უწყების „ეფექტური მუშაობის“ შედეგია დღევანდელ საქართველოში არსებული, გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება.