ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა ქაჯაიას თქმით, მისი მოადგილის ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მეგობრებისგან შეიტყო. მანვე განმარტა, მიუხედავად იმის, რომ როსტომ კილასონიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები დატოვა, მას ამის გამო თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ.
„კი, მართალია, ის ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა, თუმცა ისე ხომ არ არის მისი გათავისუფლება. მერე რა, რომ სხვა პარტიაში გადავიდა. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურიდან გავაგდო. მე ჯერ მასთან არ მილაპარაკია. სულ 10 წუთია, რაც მისი ამ განცხადების შესახებ მეგობრებმა ტელეფონით შემატყობინეს“, - განუცხადა გოჩა ქაჯაიამ „ლაივპრესს“.
რამდენიმე წუთის წინ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონიამ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებს და უერთდება პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“.