რეზერვისტი მიხეილ იოსავა


მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
ის სულ რაღაც 22 წლის ბიჭი იყო. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. დიდი ცხოვრებისთვის ემზადებოდა, ჰქონდა ოცნებები და მიზნები…
მაგრამ მის სამშობლოს რუსი მოადგა და რეზერვში გამოიძახეს. სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულმა უფროსმა მეგობარმა თბილისში წაყოლა ურჩია. უარით გაუსტუმრებია: ასეთ დროს გაქცევა არ ივარგებსო.
ვერც მამას დაუყოლიებია შინ დარჩენაზე. „ამბობდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და მე როგორ გამოვაკლდეო. მრცხვენოდა, დარჩენას რომ ვთხოვდი. სამშობლო მეძახისო, იმეორებდა“, – იტყვის მამა. მამა, რომელმაც თავად მიიყვანა შვილი სენაკის ბაზაზე…
ოჯახი ბოლოს 11 საათზე ელაპარაკა ბაზაზე მყოფ შვილს. პირველი დაბომბვის ხმა რომ გაიგეს, ურეკავდნენ. ზარს რომ არ უპასუხა, მშობლები ბაზაზე გაცვივდნენ. გარდაცვლილი შვილი საავადმყოფოში იპოვეს… რამდენიმე ნასხლეტი ჰქონდა თავში მოხვედრილი…
მიხეილ იოსავა 1986 წელს დაიბადა ხობში. ხობშივე დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და დაამთავრა.