ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია (facebook-Interviu)


ხობელი ახალგაზრდა ირაკლი ქაჯაია ძალიან პატარა ასაკიდან ცეკვავს. ცეკვამ უამრავი რამ შესძინა. ყავს ბევრი მეგობარი, რომელთა გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. დღეს Fairytale Show (ზღაპრული შოუ) მისი მეორე სახლია, სადაც ბევრი ტკივილი თუ სიხარული გაუზიარებია. ხშირად დადიოდა გასტროლებზე, მისი ფესვები ხობშია. სწორედ, აქ მოხდა მისი პირველი ''პროფესიული ნათლობაც''_ხობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლაზიკაში.'' ცეკვავდა ბათუმის სახელმწიფო ანსამბლ '`ხორუმში,'' ანსამბლ `'ერისიონში,'' ბათუმის მერიის ანსამბლში, თურქეთის შოუში... მას შემდეგ კი ძალიან ბევრს მიაღწია... წელიწადნახევარია კიევში გადავიდა და Fairytale Show,  პარალელურად კი  Ballet Vatasho და Ballet Georgia-შია. ქართულის გარდა ამერიკულ Sving და ბრაზილიურ Karueros  ცეკვავს.

...ჩვენი მიზანია, წარმატებული ხობელები, რომლებიც მიმოფანტულნი არიან საქართველოს საზღვრებს გარეთ, წარმოვაჩინოთ და გავაცნოთ ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველებს...
ირაკლი, მოდით თავიდან დავიწყოთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.
დავიბადე ქ. ხობში. ვარ 19 წლის. ჩემი მშობლებია მარინა კორტავა და ვახტანგ ქაჯაია. მყავს სამი და. თეა და თამუნა სტომატოლოგები არიან, თეონაც სამედიცინოზე სწავლობს. მე ვემსახურები ქართულ ხელოვნებას ქართულ ნაციონალურ ცეკვას. დამთავრებული მაქვს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი სტომატოლოგი_ორთოპედიის სპეციალობით.
როგორი იყო თქვენი ბავშვობა, როდის დაიწყეთ ცეკვა, რა ასაკში აღმოჩნდით ამ სამყაროში? ალბათ ძალიან ბევრი შრომა გიწევდათ, რათა თქვენი ადგილი დაგემკვიდრებინათ ქორეოგრაფიაში, გვიამბეთ თქვენს მიღწევებზე, რა გზა განვლეთ, სანამ  Fairytale Show--ში აღმოჩნდებოდით?
 ბავშვობა ძალიან მხიარული და ბედნიერი მქონდა. რაც შეეხება ცეკვას, 9 წლის ასაკში, დედაჩემის რჩევით დავიწყე. რატომღაც სურდა, რომ მოცეკვავე გამოვსულიყავი, ის უფრო იყო მონდომებული, ვიდრე მე. მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობდი, ვვარჯიშობდი, დღე და ღამეს ვასწორებდი. მძიმე და დამქანცველი იყო მუშაობა. ჩემს თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. ბევრი მეუბნებოდა კიდეც, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს ამდენ შრომას, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ცეკვას დიდ პერსპექტივა არ აქვს... მე მაინც ჩემსას ვაგრძელებდი... როცა უკრაინაში ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, თავი რომ მერჩინა რესტორანში ვცეკვავდი, სადაც კარგად მიხდიდნენ, ეს სამსახური ძალიან დამეხმარა, რომ ხალხი და ქალაქი კარგად გამეცნო. ამასობაში ქართველი მოცეკვავე მალხაზ ელიავა გავიცანი, რომელიც თენგიზ სუხიშვილის დროს ანსამბლის სოლისტი იყო. მას უკრაინაში ქართული ცეკვის მხრივ უკვე დამკვიდრებული ჰქონდა თავისი ადგილი და მისი წყალობით მოვხვდი Fairytale Show-ში.
გასტროლებზე ხშირად გიწევთ გასვლა? ქართველებს თუ შეხვედრიხართ?
 დიახ, გასტროლებზე ხშირად დავდივართ. ძალიან ბევრ ქართველს ვხვდებით საზღვარგარეთ, რაც დიდი სიხარულია და საოცარ, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში, ასევე საშუალება მაქვს, ახლოს გავიცნო სხვადასხვა ქვეყნის ხალხის ცხოვრება, ზნე-ჩვეულებები, აბა, ბუნების სილამაზით ქართველ კაცს როგორ გააკვირვებ... ყველას მაინც ჩემი ქვეყანა, საქართველო მირჩევნია.

ქართული ცეკვების გათანამედროვეობაზე თქვენი შეხედულება როგორია?
_მიმაჩნია, რომ ქართულს, რაც ძველებიდან შემოგვრჩა, ის უხდება. ამით ვაცნობთ მსოფლიოს ჩვენს კულტურას, მაგრამ ბევრი მას მაინც ათანამედროვებს. მაგალითად, შოუში, სადაც მე ვცეკვავ, ქართულთან შეხება არ აქვს, უბრალოდ ქართული ელემენტებია გამოყენებული შოუს კოსტუმებით, მოკლედ ჩვენ, როგორც ქართველი აკრობატები ისე ვართ.
 რა არის თქვენთვის ცეკვა, თქვენი არჩევანით კმაყოფილი ხართ?
_ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. ცეკვის დროს მთელ სიყვარულს შიგ ვაქსოვ. ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვერ წარმომიდგენია მას თუ ოდესმე თავს დავანებებ.
ძირითადად როგორ მუსიკას უსმენთ?
_ყველა ხელოვანს, ძირითადად, ხალხური სიმღერები მოსწონს, მაგრამ გამორჩეულად რომელიმე ჟანრს ვუსმენ მეთქი ასე არ არის, ვუსმენ იმას, რაც გემოვნებიანია, რაც მომეწონება და მესიამოვნება.
ბავშვობისდროინდელი ოცნება ხომ არ გაქვთ?
_ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო სუხიშვილებში მეცეკვა, მაგრამ... მე კი მხოლოდ პრესტიჟულ ანსამბლში ცეკვით კი არ მინდა წარმატებული გავხდე, არამედ ჩემი შრომით და ჩემი ნიჭით.
როცა მძიმე წუთები გიდგათ, იოლად ჩაიქნევთ ხელს თუ იბრძვით იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?
_იოლად რომ არ ვნებდები, ამაში ჩემი მშობლებიც დავარწმუნე. თვითდაჯერებული ვარ და თუ რამე მიზნად დავისახე, მანამ არ მოვეშვები, სანამ არ მივაღწევ...
რას ნიშნავს თქვენთვის ხობელობა?
_მეამაყება, რომ ხობელი ვარ. ჩემი ხობი სამეგრელოში ყველაზე ლამაზ ქალაქად მიმაჩნია, აქ ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, მიყვარს ხობი და თითოეული ხობელი!
გაგვაცანით თქვენი უახლესი გეგმები, როგორ გესახებათ მომავალი, რისი მიღწევა გსურთ?
_სერიოზული გეგმები მაქვს, ძალიან მინდა საკუთარი შოუ შევქმნა და ვნახოთ რა გამომივა.

წარმატებებს გისურვებთ ირაკლი, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
_დიდი მადლობა. მეც ნასიამოვნები ვარ თქვენთან საუბრით.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ხობელ მოცეკვავეს წარმატება ვუსურვო. ასევე გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პირველ ქორეოგრაფებს მამუკა გვასალიასა და პაატა ჭითაშვილს. მე მათ ხელში გავიზარდე და ქორეოგრაფიაში ჩემი მიღწევები მათი დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, მათ ხელში ძალიან ბევრი დიდი, ცნობილი მოცეკვავე გაიზრდება, რომლებიც ხობს და საქართველოს ასახელებენ.


ესაუბრა