აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. წმიდა სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა “სასუფევლის საიდუმლოებებს”, რაც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში “სულიწმიდის მოფენამდე”.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.
ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.
აღდგომიდან მე-40 დღეს გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა ქრისტიანს ულოცავს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს.