რა უნდა ვიცოდეთ ამერიკული თეთრი პეპლის შესახებ

ამერიკული თეთრი პეპელა საკარანტინო მავნებელია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო 1976 წლიდან ასევე დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. იგი აზიანებს სამასზე მეტ სახეობის მცენარეს, განსაკუთრებით თუთას, ვაშლს, მსხალს, ამერიკულ ნეკერჩხალს, იფანს, კაკალსა და თხილს. მავნებელი გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით, ზრდასრული პეპელა (იმაგო) დებს 200-2000 კვერცხს, მცენარის მზით განათებული ფოთლების ქვედა მხარეს. კვერცხები ღია ფერის ქეჩით არის დაფარული, ახალგამოჩეკილი მატლები ქმნიან აბლაბუდიან ბუდეს, 15-20 დღის შემდეგ კი ტოვებენ და სახლდებიან ხეზე. მავნებელი იზამთრებს ხის ქერქში, მცენარეულ ჩამონაცვენში, ქვების ქვეშ, სიცივისაგან დაცულ ადგილებში სახლებში, ფარდულებსა და სავარგულებში, საქართველოში მავნებელი იძლევა 2 თაობას: მაის-ივნისსა და ივლის აგვისტოში, იშვიათად, მესამე არასრულ თაობას-სექტემბერში.
თუ ამერიკული თეთრი პეპელა მავნეობს ზედიზედ რამდენიმე წელიწადი მაშინ მცენარე ხმება! 
ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები: 
აგროტექნიკური ღონისძიებები: 
1. შემოდგომიდან ადრე გაზაფხულზე ხდება ხის ქერქის ჩამოფხეკა მავნებლის მატლებისა და მოზამთრე ჭუპრებისგან განთავისუფლების მიზნით.
2. ნასხლავი ტოტების, ჩამოცვენილი ფოთლების, ნარჩენების შეგროვება და დაწვა. ხეების ირგვლივ ღრმად შემობარვა და მორწყვა. 
მექანიკური ღონისძიებები:
1. ივნისსა და სექტემბერში მავნებლის ჭუპრების შესაგროვებლად ხდება ხეებზე დამჭერი სარტყლების გამოყენება (ჯვალოს ტომრის ან ბამბის ქსოვილის შემოკვრა ღეროზე ცელოფნის პარკთან ერთად წვიმამ რომ არ დაასველოს). პერიოდულად (პეპლის გამოფრენამდე 5-7 დღით ადრე) სარტყელი უნდა მოიხსნას, დაიწვას და განახლდეს.
2. მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისსა და ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში, სავალდებულოა მავნებლის მატლებისაგან გაკეთებული ბუდეების ჩამოჭრა და დაწვა. 
3. მიმდებარე ფოთლებზე ჯგუფურად მცხოვრები მატლების წინააღმდეგ ალის გადატარება. 
4. მოჭრილი ტოტის დაცემის ადგილზე ალის მიწაზე გადატარება. 
5. თუ ბუდე ზედა ტოტზეა, მისი მოწვა ხდება გრძელ ჯოხზე გაკეთებული ჩირაღდნით.
ბრძოლის ქიმიური ღონისძიება: გამოიყენება შემდეგი პესტიციდები:
1. 10 ლიტრ წყალზე: „დეცისი“ - 5 გრ., „კარატე ზეონი“ – 4 გრ., „ვალსამბა“ – 8 გრ., „არრივო“ – 8 გრ., „ფასტაკი“ – 3 გრ., „ალპაკი“ – 3 გრ., მავნებლის სიკვდილიანობა დგება წამლობიდან 3-5 დღის შემდეგ.
2. განსაკუთრებით ეფექტურია პრეპარატი  „სუპერჰექტამეტრინი 100 ეკ“  
ინსექტიციდი „სუპერ ფექტამეტრონი 100ეკ“-ის გამოყენების რეგლამენტები: შემასხურებლის გამოყენებისას პრეპარატის ხარჯვის ნორმა შეადგენს 0,2-0,25 ლ/ჰა-ზე, ხოლო სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 400-1000 ლ/ჰა-ზე კულტურიდან გამომდინარე
3. არაეფექტურია ქიმიური პრეპარატებით ბოლო ასაკის მატლების შესხურება.

პესტიციდებთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების შემდეგი  წესები
1. უნდა იქნეს გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
2. შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა და წყლის მიღება.
3. პესტიციდების გამოყენების წინ უნდა დაიხუროს სასმელი წყლის ჭები, დამწყვდეულ იქნეს ფრინველი, საქონელი, შეიზღუდეთ ფუტკრის ფრენა. 
4. შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება შეიძლება წამლობიდან 18-20 დღის შემდეგ.