2013 წლის მაისში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის გ. ჩიტაიას მიერ მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი ორი მნიშვნელოვანი ძეგლი დაფიქსირდა. პირველი მდებარეობს შუა ხორგის თემის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, ოთხი კილომეტრის დაშორებით, ტყეში - იგი ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარია, რომლის ფართობი არანაკლებ ორი ჰექტარია. მეორე ძეგლი ბრინჯაოს ხანის სამარხებია და მდებარეობს ჭალადიდის თემის სოფელ საღვამიჩაოში მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. მსგავსი ტიპის ძეგლი ამ მხარეში ადრე არ დაფიქსირებულა, რის გამოც მისი მნიშვნელობა სამეცნიერო თვალსაზრისით უდავოდ დიდია. სამწუხაროდ, ძეგლი მდინარის მიერ ირეცხება და მოითხოვს გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას.
