ცოტა ხნის წინ ხობის კერძო სკოლა „არეა"-ს დამამთავრებელი კლასის 3 მოსწავლე ხობი-ფოთის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დეტალების გასარკვევად სამართალდამცველებმა დაკითხეს.
როგორც „Front news"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე ერთ-ერთი მოსწავლე ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ავტომანქანას სრულწლოვანი მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე დგინდება. ახალგაზრდებმა უკვე უპასუხეს სამართალდამცველთა კითხვებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,"- განუცხადეს „Front news"-ს შსს-ში.
ფოთის შესასვლელთან, მე-7 კილომეტრზე მომხდარი ავარიის დეტალების გარკვევას „Front news" ხობის კერძო სკოლა „არეა"-ს დირექტორ ბეატრისტა რუსიასთანაც შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ცნობისთვის: მე–12 კლასის 3 მოსწავლე, რომელიც ხობიდან ფოთისკენ "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, მდინარე რიონში გადავარდა. ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე დამუხრუჭების შედეგად ორჯერ ამოტრიალდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა, ყველა მათგანმა მდინარიდან ამოსვლა თავისით შეძლო და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.