ბზობის დღესასწაული ხობში


დღეს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის დასასრულს, ქადაგების შემდგომ მეუფე გრიგოლმა აკურთხა ბზა - „აღდგომისა მოსასწავებელად“. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს, ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს, გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგი კი პალმის რტოებით ეგებებოდა. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა. ბზობის დღესასწაულზე წირვას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა ქრისტიანს ულოცავს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს.