Skip to main content

ხობში საკრებულოს სხდომები მეგრულ ენაზე ტარდება


23-01-2013, 21:27
წაკითხულია: 978
ხობში საკრებულოს სხდომები მეგრულ ენაზე ტარდება
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, მამუკა ქარდავა, სხდომებს მეგრულ ენაზე ატარებს. როგორც "თაიმერს" საკრებულოს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, ქარდავას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს, შესაბამისად, არც დიპლომი და ქართულ ენაზე მეტყველებაც უჭირს.
"ახალი თავმჯდომარე სხდომებს მეგრულ ენაზე ატარებს და თან თანამშრომლებს ბოდიშს უხდის: რა ვქნა, ქართულად გამართულად ვერ ვლაპარაკობ, ხომ იცითო. ასეთმა პიროვნებამ მოსვლის დღიდან პირადი განცხადების საფუძველზე 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წინა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს"- განუცხადა "თაიმერს" საკრებულოს ყოფილმა წევრმა. 
მისივე ინფორმაციით, მამუკა ქარდავას  "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბუკია, ლობირებს.
"მოგეხსენებათ, გიგა ბუკია ხობის მაჟორიტარი ვერ გახდა, თუმცა პროპორციული სიით საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდა. ახლა ხობში კადრების მოხსნა-დანიშვნას ის განაგებს. მამუკა ქარდავა კი მისი ძუძუმტეა. დეკემბერში დაინიშნა ქარდავა საკრებულოს თავმჯდომარედ, მანამდე კი ხეთის დაფნის კომბინატში მუშად მუშაობდა"- განუცხადა "თაიმერს" წყარომ. 
თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ხობის საკრებულოს თავმჯდომარე. 
"ჩემთან რად უნდა ამ ინფორმაციას გადამოწმება, დაგერეკათ საკრებულოს აპარატში. არც ასი და არც 60 ადამიანი არ გათავისუფლებულა. რა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე მესაუბრებით?! იცით, შარშან ჩემზე ორჯერ მოხდა თავდასხმა და მაშინდელი პოლიციის უფროსის მეუღლე დღესაც ჩვენთან მუშაობს. დასკვნა თავად გააკეთეთ"- განაცხადა ქარდავამ. რაც შეეხება დეპუტატ გიგა ბუკიასთან ახლობლობას, ამ კითხვას ქარდავამ სიცილით უპასუხა. 
"მე ლობირება და დახმარება არ მჭირდება. 2010 წლიდან ვიყავი საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი და როგორ ფიქრობთ, საკრებულოს თავმჯდომარედ სხვა ვინ უნდა დანიშნულიყო?!"- განაცხადა ქარდავამ.
კითხვაზე, ტარდება თუ არა საკრებულოს სხდომები ხობში მეგრულ ენაზე- "თაიმერმა" პასუხი ვერ მიიღო, რადგან თავმჯდომარემ მობილური ტელეფონი გათიშა. 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე კი მამუკა ქარდავას ბიოგრაფიაა მოცემული. "თაიმერი" მას უცვლელად გთავაზობთ:
მამუკა ქარდავა დაიბადა 1967 წლის 16 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.
1984-1991 წლებში სწავლობდა  თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1991-1993 წლებში - ხობის რაიონის სოფელ ხეთის დაფნისა და ციტრუსების მეურნეობის საწყობის გამგე.
1993-1998  წლებში - ხობის რაიონის დაფნის კომბინატის საამქროს უფროსი.
1999-2003 წწ. - კომერციული საქმიანობა.
2010 წლის ივნისიდან - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
2012 წლის დეკემბრიდან - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.





http://timer.ge/3127-khobshi-sakrebulos-skhdomebi-megrul-enaze-tardeba.html#