“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება

        
 ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 16 მარტს,  ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან გაიმართა შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდნენ   რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი მიხეილ გვათუა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილეები ბ. ჯობავა, მ. ჩოკორაია და რ. კილასონია.
     მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს მიეწოდათ ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და პროცედურების თაობაზე.
      პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:
  ა)განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოციალურ -ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე.
    ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსახურება უნდა აუმჯობესებდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალურ, ყოფით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
     მუნიციპალიტეტი, სოფლების მიხედვით შესაბამისი პროექტების და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის მითითებით, ამზადებს ჯამურ ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს.
    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილებით სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო, რომლიდანაც ხობის მუნიციპალიტეტისთვის  882,8 ათასი ლარია გათვალისწინებული.