გიგა ბუკია ოპოზიციური პარტიების ნაწილს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ამხელს


საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ რამდენიმე დღის წინ მედიას ინფორმაცია მიაწოდა ხობის #66 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე მდივნების არასწორად არჩევის ფაქტთან დაკავშირებით.

დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტის 32 საარჩევნო უბნიდან არც ერთ უბანში არაა არჩეული „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები.

„ხელისუფლებას სამართლიანად არჩევნების ჩატარების შიში აქვს. სწორედ ამიტომ  მათ მიერ ხელდასმული სატელიტი პარტიების ხელშეწყობით აპირებს არჩევნების გაყალბებას, რაზეც მეტყველებს უბნებზე მდივნების არჩევისთვის ჩატარებული პროცედურები“, - აცხადებს გიგა ბუკია და დასძენს, რომ ხობის საარჩევნო  უბნებზე მდივნის თანამდებობაზე, უმრავლეს შემთხვევაში, ბლოკ „გიორგი თარგამაძე - ქრიატიან-დემოკრატიულ გაერთიანების“ კანდიდატებია არჩეული.

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მეთვალყურეობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მისიებმა დროულად უნდა გააგზავნონ წარმომადგენლები სამეგრელოში, კერძოდ - ხობის რაიონში, რათა გაძლიერდეს კონტროლი მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე.

ინგა გვასალია, სამეგრელო