29 და 30 მარტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილეები მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია ახალსოფლის, ქვემო ქვალონის, ახალი ხიბულის თემების და სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობას შეხვდნენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება. ახალსოფელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების დასაფინანსებლად გადმოერიცხა 37 020 ლარი, ქვემო ქვალონის თემს 77 782 ლარი, ძველ ხიბულას 18 460 ლარი, ხოლო ახალ ხიბულას 51 175 ლარი. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მიზანს ისახავს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. საჯარო განხილვაზე წამოიჭრა შემდეგი პრიორიტეტები: ახალსოფელში-საწრეტი არხების გაყვანა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; ქვემო ქვალონში საყანე მიწების შემოღობვა და კულტურის სახლის გადახურვა; ძველი ხიბულის პრობლემად დასახელდა არხების გაყვანა, გზების მოხრეშვა და საბავშვო ბაღის იატაკის დაგება, ახალ ხიბულაში კი მოსაცდელის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, შიდა გზების მოწესრიგება, მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები დასახელდა მთავარ პრიორიტეტებად. მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის კრებებში, რითაც თითოეულ მაცხოვრებელს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს თავისი სოფლის განვითარების საქმეში. სოფლის კრებებში მონიტორინგის კუთხით პერიოდულად ერთვებიან საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგის“ წარმომადგენლები. ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები 2 აპრილამდე გაგრძელდება.