ვებპორტალი www.livepress.ge-ის ინფორმაცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელის, თემურ გერგაიას განცხადებით, რეორგანიზაცია, რომელსაც უწყება გეგმავს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტი განიხილავს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან სატყეო დეპარტამენტის გამოყოფის საკითხს. გერგაიას ინფორმაციით, შედეგად შესაძლოა მათ განესაზღვროთ მორების ჭრის, გასხვლის, სახერხ საამქროებში რეალიზაციის უფლება, სამაგიეროდ დეპარტამენს აღარ ექნება კონტროლის ფუნქცია.
თემურ გერგაიამ ტყის მასიურად ჩეხვის ტენდენციასა და მეჩხერ ადგილებში ახალი ნარგავების განაშენებიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში სანერგეები პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ უწყებამ მიიღო მითითება მათი მოძიების შესახებ.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ზუგდიდის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის კოორდინატორმა ვახტანგ ბასილაიამ ჩხოროწყუში ტოგოს მთაზე ტყის მასიურად დაავადების შესახებ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა მიზეზი რადიაციაც იყოს. ბასიალაიას განცხადებით, ნაწილობრივ, მაგრამ მსგავსი ვითარებაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც.
თემურ გერგაიამ განმარტა, რომ საქართველოს ტყეებში ხეების დასნებოვნებას იწვევს გარემოება, რომლის მიხედვით აღარ ხდება ტყეების შხამქიმიკატებით მკურნალობა, საამისოდ კი საჭირო მატერიალური რესურსების გამოყოფა.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გიორგი დათუნაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით ხე-ტყის ინვენტარიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს დაავადებული მცენარეების შესწავლას და ეფექტური საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას. მისი ინფორმაციით, საქართველოში ტყეების ინვენტარიზაცია ბოლოს 23 წლის წინ ჩატარდა.
ამ სიახლების პარალელურად გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ, რომლის ორგანიზებითაც მოეწყო შეხვედრა, კანონმდებლობაში ასამოქმედებელი ცვლილებები და პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ სტრატეგიაც განიხილა.
პროექტის წარმომადგენლის, მაია კოდუას თქმით, ერთ-ერთი ძირეული მიმართულება სოციოლოგიური კვლევის განხორციელებას გულისხმობს საქართველოს 7 და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტში. პროცესში გამგებლები და სოფლის რწმუნებულები მიიღებენ მონაწილეობას. განისაზღვრება სატყეო სექტორში შექმნილი ვითარება და გამოკვეთილი პრობლემების ეფექტური, მყისიერი გადაწყვეტის გზები.
რაც შეეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების, თვითმმართველი ერთეულის, ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტირებისთვის, მისი გადამუშავებისას წარმოშობის ადგილის ცნობის გაცემა. სიახლის მიხედვით, გაჩეხილი მორები საგანგებო ფირნიშით უნდა მოინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა იკრძალება. სავალდებულოა ასევე სახერხი საამქროების რეგისტრაცია და უკვე დარეგისტრირებულთა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ხელმეორედ დაფიქსირება.
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილია თავად სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სამმართველო.
კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ასევე გულისხმობს სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისებას.