ხობის გამგებელს და მოადგილეს ყოფილმა თანამშრომელმა პროკურატურაში უჩივლა [Video]


ვებ პორტალი www.livepress.ge

ხობის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა ფარულავამ, გამგებელ კახაბერ ბენიძეს და მის მოადგილეს მახარე ჩოკორაიას დღეს, 18 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში უჩივლა.

„საჩივარი შევიტანე, იმიტომ რომ მინდა სამართლიანი გამოძიება. ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლაშა ფარულავამ, რომელიც 16 თებერვალს, მისივე თქმით, გამგებელმა და მოადგილემ სცემეს.

გაწვევის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ კახაბერ ბენიძე და მახარე ჩოკორაია ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მანამდე ის მისული იყო ხობის გამგეობაში და შეხვედრას ითხოვდა გამგებელთან, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

„მე რომ გავიგე, არ შემოუშვათ ეს "ნაციონალიო", ცოტა ავღელდი. ამ დროს შემოვიდნენ ჩემი ნაცნობები. მითხრეს, თუ არ გიშვებენ, გავიდეთო და გავედით. ამის შემდეგ ის ბიჭები წავიდნენ. მე კულტურის სახლთან დავდექი. 5 წუთის შემდეგ ერთად ჩამოვიდნენ ბენიძე და ჩოკორაია და ფიზიკურად გამისწორდნენ“, - ამბობს ფარულავა.

მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან კახაბერ ბენიძემ პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა წასვლის შესახებ განცხადება „ზეწოლის" გამო დაწერა.

„მითხრეს, "ნაციონალი" ხარ და უნდა წახვიდეო. ერთხელ ბენიძეს რომ შევხვდი, მითხრა: ლაშა, ხომ იცი შენ "ნაციონალი" ხარ და ვერ დაგასაქმებო. ამის შემდეგ მითხრა, შენი მეუღლე თუ არ მუშაობს, მაგას დავასაქმებ, არ მოგერიდოს, შემახსენეო ხოლმეო. სწორედ ამისთვის მივედი ბენიძესთან“, - ამბობს ლაშა ფარულავა.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვება ხობის გამგებელი კახაბერ ბენიძე, რომელმაც ჟურნალისტებს აჩვენა მასალა, სადაც გამგეობის ტერიტორიაზე რამდენიმე პირია დაფიქსირებული. 

„4 პიროვნება, ნასვამ მდგომარეობაში აბსოლუტურად არაადეკვატური, შეეცადა ამოსვლას. მე დავიბარე ისინი მეორე დღისთვის. ატეხეს დებოში ქვემოთ დაცვასთან. იგინებოდნენ. დაახლოებით გაგრძელდა 3-4 წუთი. შემდეგ ეს ყველაფერი მიწყნარდა. მე ვიყავი ჩემს ოთახში, ჩემს მოადგილესთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ მოადგილე წავიდა სახლში. ესენი გარეთ ყოფილან ჩასაფრებულები. თავს დაესხნენ მას. აგინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წააქციეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერიე მე. გავაშველე“, - უთხრა ჟურნალისტებს ბენიძემ.