ხობის საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციას "ქართული ოცნების" წევრი არ უხელმძღვანელებს


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ ოპოზიციურ ფრაქციას „ხობი დემოკრატები“ დღეიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

"ხობი დემოკრატებს" პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მამუკა ქარდავა ხელმძღვანელობდა, რომელიც საკრებულოში "კონსერვატიულ" პარტიას წარმოადგენდა.

ქარდავა ბეჟან ბერაიამ, "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა შეცვალა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ თავად ბერაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მამუკა ქარდავამ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბიუროს სხდომებზე დასწრების უფლება გვექნება, სადაც მტკივნეულ საკითხებს წარვადგენთ“, - აღნიშნა ბეჟან ბერაიამ.

თავად მამუკა ქარდავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.