ზუგდიდელ გარემოვაჭრეთა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ღამე ხობის მონასტერში გაათენეს, დღეს დილიდან კი, თბილისისაკენ მსვლელობა განაგრძეს.
პროტესტანტებს დღეს ის მოვაჭრეებიც შეუერთდებიან, რომლებიც გუშინ სამეგრელოს სამხარეო გუბერნიასთან მართავდნენ აქციას. მათ დღეს ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელები შეხვდნენ და ბაზარში ალტერნატიული სავაჭრო ადგილები შესთავაზეს, თუმცა მოვაჭრეებისაგან კვლავ უარი მიიღეს. ისინი თავიანთ ძველ სავაჭრო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ.
გარემოვაჭრეები თბილისისაკენ ფეხით მიემართებიან. მსვლელობის დასრულებას პრეზიდენტის რეზიდენციასთან აპირებენ და დასახმარებლად მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია 1 ივნისს დაიწყეს. მომიტინგეები ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.