საჯიჯაოს რწმუნებულის ვერსიით, ჩაის პლანტაცია განზრახ დაწვეს


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ფართობზე ჩაის და თხილის პლანტაცია დაიწვა.

საჯიჯაოს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ავთანდილ კვარაცხელიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ხანძრი არ გავრცელებულა დასახლებულ ადგილებში. მისივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციას 6 საათზე მეტი დასჭირდა, გავრცელებული ძლიერი ქარის გამო. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო ოთხი მეზობელი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

თემის რწმუნებულის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ჩაის პლანტაცია განზრახ დაწვეს.

„ზოგჯერ სოფლის მცხოვრებლები განზრახ უკიდებენ ცეცხლს ჩაის პლანტაციებს, მიწის ნაკვეთის გაწმენდის მიზნით. შესაძლოა ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ავთანდილ კვარაცხელიამ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის სამმართველო აწარმოებს.