ხობის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ საღამოს, დაახლოებით 20.00 საათზე ხობის გამგეობასთან მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი ლაშა ფარულავა სცემეს. ფარულავა, რომელიც წლების მანძილზე გამგეობაში არსებულ წვევამდელთა გაწვევის სამსახურს ხელმძღვანელობდა ახალმა გამგებელმა პოლიტიკური მრწამსის გამო სამსახურიდან დაითხოვა. როგორც SMO.GE-ს სარწმუნო წყარომ შეატყობინა ფარულავას გათავისუფლების ძირითადი მიზეზი ხობის “კუდი”-ს ყოფილი უფროსის დიმიტრი ჭაკუასთან კარგი ურთიერთობა იყო. დღევანდელი დაპირისპირების ძირითადი მიზეზი გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ლაშა ფარულავას გამგებელთან მოულოდნელი ვიზიტი გახდა. თუმცა, როგორც SMO.GE-სთან სატელეფონო საუბარში თავად დაზარალებულმა აღნიშნა გამგებელმა ის თავად დაიბარა გამგეობაში, მერე კი პროვოკაცია შეგნებულად მოუწყო.
-რა მიზნით მიხვედით დღეს გამგეობაში?
-მინდოდა გამგებელთან შეხვადრა და გასაუბრება. როცა მე დამითხოვეს პოლიტიკური ნიშნით მაშინ შევეხვეწე, ასე ნუ გამწირავთ ვალები მაქვს ბანკებში, ოჯახში კი მხოლოდ მე ვმუშაობ და რამე დამეხმარეთთქო. კახა ბენიძემ მაშინ სიტყვასიტყვით მითხრა, შენ “ნაციონალი” ხარ და ვერაფრით ვერ დაგნიშნავ და შენს მეუღლეს სადმე დავაწყებინებ მუშაობას, ოღონდ ეს საკითხი შემახსენეო. ზუსტად ამ მიზნით მივედი არასამუშაო დღეს, რომ შემეხსენებინა მისთვის,რადგან ბანკები მაწუხებენ და მოსალოდნელია საცხოვრებელი სახლიც დავკარგო.
-ამბობენ, რომ თითქოს თქვენ გამგეობაში მიუვარდით გამგებელს. ამაზე რას იტყვით?
-არა რა სისულელეა, რა მიუვარდი.ქვემოთ დგას დაცვა და მას ვუთხარი დაურეკე გამგებელს და უთხარი ჩემს შესახებთქო. უბრალოდ არ დაველოდე მის პასუხს და კიბეებზე ავდიოდი. ამ დროს დაცვამ მომაბრუნა და გამგეობის შენობიდან გავედი. დავდექი იქვე ახლოს კულტურის სახლთან და ზუსტად 15 წუთში ბენიძე და მისი მოადგილე ჩოკორაია თავს დამესხნენ და უმოწყალოდ დამიწყეს ცემა. უკვე ბნელოდა, თან იმ ადგილას სადაც მცემდნენ შუქიც არ იყო.როცა გული იჯერეს ჩემი ცემით დამტოვეს და ფეხაკრეფით ისევ გამგეობისკენ წავიდნენ.
-ამის მერე თქვენ როგორც ვიცი მომხდარის შესახებ შეატყობინეთ ხობის პოლიციის სამმართველოს.
-კი, პირდაპირ წავედი და ამის შესახებ პოლიციას შევატყობინე.ზუსტად სამი საათის განმავლობაში ვიყავი პოლიციის შენობაში, სანამ გამგებელი და მისი მოადგილე იკითხებოდნენ მომხდარი ფაქტის შესახებ.
-და რას აპირებთ?
-მე უკვე შეტანილი მაქვს საქმე პოლიციაში, ესენი ამაღამვე დაკითხეს და ხვალ ალბათ მეც დამკითხავენ. ამის შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
საინფორმაციო სააგენტო SMO.GE დაუკავშირდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახაბერ ბენიძეს, რომელმაც ჯერ ჩვენს ზარს არ უპასუხა, ხოლო შემდეგ კორპორაციული ნომერი საერთოდ გამორთო. მოროგი ზარი კი ინციდენტში მონაწილე გამგებლის მოადგილე, მახარე ჩოკორაიასთან განვახოორციელეთ, რომელთან საუბრის ჩანაწერსაც სინქრონულად გთავაზობთ.
-ღამე მშვიდობისა ბატონო მახარე. რა გახდა ლაშა ფარულავას ცემის მიზეზი?
-რას მეუბნებით, ვინ ცემა ფარულავა?
-თქვენ და გამგებელმა კახა ბენიძემ სცემეთ. ასე განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თავად დაზარალებულმა ლასა ფარულავამ.
-ის ახლა მთვრალია და როცა გამოფხიზლდება მაშინ დაურეკეთ ჯობია. აი მაშინ სულ სხვა ამბებს მოგიყვებათ.
-და თქვენ რასთან დაკავშირებით დაიკითხეთ ხობის პოლიციაში?
-არ დავკითხულვართ ჩვენ არსად…საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია?
-სამი საათის განმავლობაში იკითხებოდით ბატონო მახარე და რასთან დაკავშირებით?
ხმა წყდება და მახარე ჩოკორაია მეუბნება, რომ მას არ ესმის ჩემი ხმა….ტელეფონს თიშავს.
ვრეკავთ ხელახლა გამგებლის მოადგილესთან
-რასთან დაკავშირებით დაიკითხეთ ბატონო მახარე?
-ვინ გითხრათ ეს თქვენ?…ისევ წყდება ხმა და მახარე ჩოკორაია ამბობს რომ ისევ არ ესმის ჩემი ხმა…ასე დაახლოებით ოთხჯერ განმეორდა…მახარე ჩოკორაიამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, თუმცა ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მასთან საკმაოდ უხერხულ და არასასიამოვნო თემასთან დაკავშირებით მოვინდომეთ გასაუბრება.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, როგორც დაზარალებული ლაშა ფარულავა, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და მისი მოადგილე მახარე ჩოკორაია.
წინასწარი ინფორმაციით დღევანდელ ინციდენტზე დაიკითხება დაზარალებული მხარე ლაშა ფარულავას სახით, რის შემდეგაც ფარულავა სავარაუდოდ ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.