ხობში გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ლაშა ფარულავა ხობის გამგებელ კახა ბენიძესა და მის მოადგილეს, მახარე ჩოკორაიას მის ცემაში ადანაშაულებს.
ფარულავას თქმით, იგი გამგებელთან შეხვედრას შეეცადა, თუმცა ახალმა გამგებელმა მასთან შეხვედრა არ ისურვა. ამაზე ფარულავამ პროტესტი გამოხატა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წუთში გამგეობის შენობასთან გამგებელი და მისი მოადგილე გამოვიდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებას უარყოფს გამგებელი. კახა ბენიძე განმარტავს, რომ ლაშა ფარულავა თავად დაესხა თავს მის მოადგილეს და მას და დაზიანებები რომელიც მას აღენიშნება, სხვაგან აქვს მიღებული.
საქმეს პოლიცია იძიებს. ლაშა ფარულავა ექსპერტიზაზე ზუგდიდში იმყოფება რადგან ხობის საავადმყოფოში მისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.