ხობის გამგეობის თანამშრომელი: სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს


პოლიტიკა  ავტორი: ნანა ხუბუტია

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სალომე ქაჯაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა 3 იანვარს დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ფორმალობა და სამსახურში მალე დააბრუნებდნენ.

„გუშინ შევიტყვე, რომ არ დამაბრუნებდნენ სამსახურში. გამგებელმა ვერ განმიმარტა ჩემი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი. შენი დამცველი არავინ გამოჩნდა და რა ვქნაო, მეც ხომ მყავს ახალი კადრები დასანიშნიო, – მითხრა. მართალია, ჩემთვის არავის უთქვამს პირადად, მაგრამ ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზად დასახელდა ჩემი ძმის „ნაციონალების“ ახალგაზრდული ფრთის წევრობა“, – ამბობს გამგეობის ყოფილი თანამშრომელი.

თავის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე სალომე ქაჯაიას სამსახურიდან გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

„სალომე ძალიან კარგი ახალგაზრდაა, თუმცა თვითონ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ჩვენ დავუკმაყოფილეთ. პოლიტიკური მოტივი აქ არაფერ შუაშია. გამგეობის სხვა თანამშრომლებმა, სოფლის რწმუნებულებმაც დაწერეს განცხადებები სამსახურებიდან წასვლის შესახებ და წავიდნენ. ეს მათი სურვილით მოხდა“, – ამბობს გამგებელი.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, თუ რატომ წერენ მასიურად განცხადებებს სამსახურიდან წასვლაზე ხობის გამგეობის თანამშროლები, გამგებელმა განაცხადა, რომ „ალბათ, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. ეს ხალხი მოქალაქეთა კავშირის დროსაც იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, ახლა კი იგრძნეს, რომ ჩვენთან ვერ იქნებიან და დაწერეს განცხადებები წასვლის თაობაზე“, – განაცხადა კახაბერ ბენიძემ.

5 იანვარს „ლაივპრესი“ იტყობინებოდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხრა სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. განცხადება დაწერა ასევე, საკრებულოს აპარატის 8 თანამშრომელმა. საკრებულოს აპარატის უფროსის ლელა შამათავას განცხადებით, ვაკანტურ თანამდებობებზე 2 ადამიანი დაინიშნა, თუმცა კონკურსგარეშე.

ახალი კადრები შესაძლოა გამგეობაშიც კონკურსგარეშე მოვიდნენ, – ამბობს ხობის გამგებელი კახაბერ ბენიძე, რადგან მისივე თქმით, „ხობში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ახალი კადრები მოვალეობის შემსრულებლებად ინიშნებიან“, – ამბობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

www.livepress.ge



პოლიტიკური წმენდა ხობში - გათავისუფლებულია 22 რწმუნებული

11:33 08.01.2013
[ჯაბა დათუაშვილი]
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ თვითმმართველობებზე ზეწოლას განაგრძობს. ამჯერად ახლი ხელსუფლების მოთხოვნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხრავე სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
თუმცა, როგორც „პრესა.ჯი“-ს ხობიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ყველა თანამშრომელს განცხადების დაწერა აიძულეს.
საქმეში ჩახედული წყარო ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რწმუნებულები ერთიმეორეს მიყოლებით შეიყვანეს გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან, რომელმაც თვითმართველობის წევრებს მოსთხოვა წასვლის შესახებ განცხადება დაეწერათ.
გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზეზი, ყოფილი ხელისუფლების დროს სოფლის რწმუნებულად მუშაობა იყო.
ხობის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი  ანატოლი სიჭინავა აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლა მისი სურვილით  არ მომხდარა.
„ახალ ხელისუფლებას არ აინტერესებს პროფესიონალი  და გამოცდილი კადრები, მათთვის მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო“, -აცხადებს  ანატოლი სიჭინავა.
‘’პრესა.ჯი’’ ხობის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს, ახლადარჩეული ჩოკორაია სამსახურში არ გახლავთ. გამგებლის მოადგილის ზარებს მისი მოადგილე ბადრი ჯობავა პასუხობს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს.
„ზეწოლა და შანტაჟი მაშინ იყო, თუ იყო, თორემ ახლა სხვა დროა. ამ ადამიანებმა განცხადებები თვითონ დაწერეს, მათ ჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვეს“,- განაცხადა ჯობავამ.  

http://presa.ge/new/?m=politics&AID=20141