ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი რესურსების მართვის და გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე მწვავე პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ „გლობალური წყლები მდგრადობისათვის კონსორციუმის“ [GLOVS] დირექტორის მოადგილე ელისო ბარნოვმა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განუცხადა.
ბარნოვის თქმით, მათ განახორციელეს კვლევა ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში, რადგან სამეგრელოს რეგიონში წყალშემკრები აუზი შემოიფარგლება მდინარე რიონით.
GLOVS-ის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი პრობლემა საყოფაცხოვრებო ნარჩენების არაჯეროვან მართვას შეეხება. ელისო ბარნოვის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მიწაში დაფლვის პრაქტიკა არსებობს, რაც ვიზუალური თვალსაზრისით თითქოს მომგებიანია, თუმცა გარემოს დაბინძურების და ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
„ამ გარემოებას ემატება ის, რომ სოფლებში ინდივიდუალური ჭები აქვთ, დამარხული ნაგავი კი წყლის რესურსზე გავლენას ახდენს. ამას გარდა პოტენციურ საფრთხეებზე კვლევა დღემდე არ ჩატარებულა. სადრენაჟე სისტემების არარსებობაც პრობლემაა ხობის და ხობის მოსაზღვრე სენაკის სოფლებში, ასევე კატასტროფების რისკი იზრდება, არის წყალმოვარდნების და ტერიტორიების დაჭაობების საფრთხე, გამოხატული მეწყერები. ბუნებრივი რესურსების მართვა ადმინისტრაციულ დონეზე მიმდინარეობს და არ არსებობს არანაირი ორგანო, რომელიც წყალშემკრების დონეზე ამ ქმედებებს განახორციელებს“, - განმარტა ელისო ბარნოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ სოფლებში ქარსაცავი ზოლების გაჩეხვაც ერთ-ერთი პრობლემაა, რაც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე და ნიადაგის უნაყოფობას იწვევს.
„ლაივპრესი“ დაინტერესდა აქვს თუ არა ორგანიზაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ტყის გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია. ელისო ბარნოვმა განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ არ იცის, რადგან პროექტის ფარგლებში მათთვის პრიორიტეტი მდინარე რიონის ზოლში მოქცეული მუნიციპალიტეტების მდგომარეობაა. მანვე დასძინა, რომ ტყის მასიური გაჩეხვის შესახებ სენაკის რამდენიმე სოფლის მცხოვრებმა დააუწყა, რომლებმაც ფაქტების შედეგად ტყის რესურსის შემცირება დააფიქსირეს.
მისივე განცხადებით, ბუნებრივი რესურსების მართვის და გარემოს დაცვის საკითხების შესახებ გეგმების შემუშავება და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის წარდგენა, პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება, რომელსაც GLOWS-ი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.