ხობის გამგეობა შუშანიას და წურწუმიას „ქართული ოცნების“ წევრობას უარყოფს



30.01.2013
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა „ლაივპრესის“ სტატიას სათაურით - „მხარდამჭერების თქმით, ხობში „ქართული ოცნება“ „ნაციონალებით“ კომპლექტდება“ გამოეხმაურა.

ხობის გამგეობის მედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების სპეციალისტის, ირინა ფილიპიას თქმით, სტატიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოხსენიებული ნუგზარ შუშანია და ედიშერ წურწუმია კოალიციის აქტივისტები არასოდეს ყოფილან.

„ნუგზარ შუშანია იყო მინდია გულუას პარტიის წევრი, ხოლო ედიშერ წურწუმია ბურჯანაძის პარტიის წევრი. ისინი არასოდეს ყოფილან ქართული ოცნების აქტივისტები. არც ერთხელ არ უნახავთ შუშანია და წურწუმია კოალიციის ოფისში. რაც შეეხება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს“, - განაცხადა ირინა ფილიპიამ და განმარტა, რომ „ლაივპრესში“ მას შემდეგ დარეკა, რაც აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა ხობის გამგებელთან და მის მოადგილეებთან.

ხობში პარტია „ქართული ოცნების“ ახალი წევრებით დაკომპლექტების და დამფუძნებელი ყრილობის გადადების მიზეზების შესახებ სტატია „ლაივპრესმა“ გუშინ, 29 იანვარს გამოაქვეყნა. რესპოდენტები ნუგზარ შუშანია და ედიშერ წურწუმია, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის გადადების მიზეზად იმ საზოგადოების პროტესტს ასახელებენ, ვინც უნდობლობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის მომავალ წევრებს. კერძოდ, ნუგზარ შუშანიას ამბობს, რომ გადაწყვეტილია „ქართული ოცნება“ ყოფილი „ზონდერებით“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტდეს. მისივე ინფორმაციით, ხობში ადგილი აქვს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შეთქმულებას. შუშანიას აზრს ეთანხმება ედიშერ წურწუმიაც. მან „შეთქმულების“ მონაწილეებად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია დაასახელა.

სტატიაში მოყვანილია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახაბერ ბენიძის და ხობის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კომენტარები. მათ შუშანიას და წურწუმიას ინფორმაციას „გაზვიადებული“ უწოდეს და შეთქმულების შესახებ ცნობები უარყვეს.