ყულევის ტერმინალში გაფიცვა გრძელდება (www.ipn.ge) VIDEO


ყულევის ტერმინალში გაფიცვა გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს , ტერმინალის ყველა თანამშრომელი გაფიცულია. 

"შპს "შავი ზღვის ტერმინალის" ადმინისტრაციის მცდელობა, რომ შტრეიბრეიკერები შეეყავანა ტერიტორიაზე, მარცხით დასრულდა. თავიანთ პროფკავშირელ კოლეგებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ფოთის, ბათუმის პორტის, ასევე, რკინიგზის პროფკავშირები. ისინი არ აპირებენ თავიანთი ძმების და ტერმინალის მუშაკების სამუშაო ადგილების დაკავებას და გაფიცვისთვის ხელის შეშლას", _ აცხადებენ პროფკავშირებში.

ამასთან, პროფკავშირის ინფორმაციით, დღეს, 13.00 საათისთვის ყულევის ნავსადგურში მისვლას გეგმავს სამთავრობო კომისია.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი და პროფესიული კავშირების გაერთიანება აგრძელებს მათი წევრი ყულევის ტერმინალის პროფკავშირების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყულევის ტერმინალის ადმნისტრაციას, გაითვალისწინოს პროფკავშირების სამართლიანი მოთხოვნები: დათანხმდეს კოლექტიური მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმოებას",-ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. 

ამასთან, გაფიცულთა მოთხოვნებია - აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ დათხონილი 7 თანამშრომელი, გაფორმდეს ტერმინალის თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით.