ხობელი ირაკლი ცხადაია „ახალი ქართული პიესა 2012“-ის გამარჯვებული გახდა


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში  „ახალი ქართული პიესა 2012“-ის  დაჯილდოება გაიმართა. პროექტი მეექვსე წელია  ტარდება და ის მიზნად ისახავს  დრამატურგიის პოპულარიზაციას.
კონკურსის ფარგლებში, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრმა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ქართული თეატრის განვითარების ფონდმა, ერთობლივად გამოავლინეს  პიესები, რომლებიც 2012 წელს საუკეთესო აღმოჩნდა ქართულ დრამატურგიაში.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ  ირაკლი ცხადაიამ, რომელმაც  წარადგინა პიესა სახელწოდებით - „ლურჯი თოვლი“. 60 ნამუშევრიდან ჟიურიმ ოთხი საუკეთესო პიესა გამოავლინა, მათ შორის ირაკლი ცხადაია ერთ-ერთი პირველი  ადგილის მფლობელი გახდა და  პროექტის წლის აღმოჩენად დასახელდა.
გამარჯვებულს ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადაეცა.