ხობის მუნიციპალიტეტში „შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადაცემის პროექტის“ საჯარო განხილვა გაიმართა


6 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში   შპს. „ენერგოტრანსის“ მიერ   „შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადაცემის პროექტის“ ფარგლებში  გაიმართა  500/200კვ ქვესადგურის „ჯვარი” და შესაბამისი 500კვ და 200კვ ელექტროგადამცემი ხაზების  მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა.
პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1) დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა, 500 კვ „კავკასიონის” ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის 500 კვ ქვესადგურებთან;
2) ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას ჯვარში – ქვესადგურის 500კვ მხარის მოწყობა ამომრთველის ერთნახევარი სქემით, ორი დიაგონალით; 220 კვ მხარის მოწყობა ორი სალტით, სალტეთა მაერთით და ექვსი სახაზო უჯრედით, 500/220კვ 3X167 მვა ტრანსფორმატორების ერთი ჯგუფით და თანმხლები სამშენებლო სამუშაოები და მომსახურება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), KFW-სა და EC NIF -ის  (შემდგომში ბანკები) მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტები.