ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ინტერნეტ პროვაიდერული კომპანია „ვესტნეტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქ. ხობის ცენტრში უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi) ჩაირთო.
პროექტის მიზანია ქ. ხობში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ადგილობრივ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში ჩამოსულ დამსვენებლებს მიეცეთ საშუალება თავისუფალი დროის რაციონალურად და სასარგებლოდ გამოყენებისა და ასევე, ახალგაზრდობისათვის უფრო მიმზიდველი გახდეს თავშეყრის ადგილები გართობისა და შემეცნება-განვითარებისათვის.
გამგეობის მხრიდან ამ ინიციატივის რეალიზება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ზაფხულის პერიოდში მკვეთრად იმატა ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამომსვლელთა რაოდენობამ, რასაც ხელი შეუწყო ქალაქის ცენტრში არსებული მოედნის, პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობამ და დაგეგმილმა გასართობმა ღონისძიებებმა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება და უფრო ფართო მასშტაბები მიეცემა.
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების დამონტაჟების დაფინანსებას უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო კომპანია „ვესტნეტი“ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებას უფასოდ მიაწვდის უსადენო ინტერნეტის სპეციალურ პაკეტს.
მიმდინარე პერიოდისთვის უსადენო ინტერნეტის სიგნალით დაფარულია ქ. ხობში კულტურის სასახლის წინ მდებარე ტერიტორია, ქ. ხობის N2 საჯარო სკოლის და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე სკვერები, ხოლო უახლოესი პერიოდისთვის ასევე დაიფარება წმინდა სამების სახელობის ეკლესიასთან არსებული სკვერი და მიმდებარე ტერიტორია.