„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხობში განხორციელებული პროექტის ანგარიში წარადგინა


სამეგრელო. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 31 ივლისს ხობში, პროექტის „აქტიური საზოგადოება–დემოკრატიის გარანტი" ფარგლებში 4 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული კოლხეთის დასახლებაში არსებული წყლისა და გზის საკითხი. ორგანიზაციის ხობის კოორდინატორის მაკა ლატარიას თქმით, მათ ეს პრობლემები მიმდინარე წლის მაისში წარუდგინეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც თავის მხრივ, პრობლემების გადაჭრის პირობა დადეს. მაკა ლატარიას ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უკვე გამოყოფილია 400 ათასი ლარი და უახლოეს მომავალში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების დაწყება იგეგმება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები კი 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. 
პროექტი „აქტიური საზოგადოება–დემოკრატიის გარანტი" „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.