ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ ყველა პარტიას ერთნაირი საარჩევნო პირობები ექნებოდა, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებსა და მომხრეებზე ზემოქმედება გრძელდება.
ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა: „სამი თვის წინ 35 ათასი ლარი კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე ჩავრიცხე, რათა კოალიციის ხარჯებს მოხმარებოდა. კონტროლის პალატამ მოწმის სტატუსით დამიბარა და განმარტება მომთხოვა, საიდან მოვიტანე აღნიშნული თანხა. სიტყვიერად ავუხსენი, რომ მაქვს საკრედიტო ხაზი გახსნილი საქართველოს ბანკთან, საიდანაც პირდაპირ გადავრიცხე ეს თანხა. თუ დაინტერესდებოდნენ თანხის წარმომავლობით, მზად ვიყავი, ჩემი ქონების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმედგინა. მაგრამ მას შემდეგ კონტროლის პალატაში არ დავუბარებივარ და პირდაპირ სასამართლოდან მივიღე უწყება კონტროლის პალატიდან შესული საჩივრის შესახებ, თითქოს მე არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია და გაურკვეველია, საიდან მოვიტანე ეს თანხა. სასამართლოზე წარვადგინე 200 000 ლარის თანხის ნოტარიუსით დადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ მე და ჩემს ადვოკატს მოგვცა მხოლოდ 7 წუთი, არც არაფერი გვკითხეს, ისე გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და 167 000 ლარით დამაჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ - უშედეგოდ და საბოლოო ჯამში ჯარიმამ 190 000 ლარი შეადგინა“.
ისე, როგორც ბევრმა სხვამ, ბუკიამაც სამართალი საქართველოში ვერ მონახა და სარჩელი სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა.
ვიდრე ბუკია სტრასბურგის განაჩენს ელოდება, სახელმწიფომ მისი ქონება დააყადაღა და ჩქარი ტემპით, მისი სახლი აუქციონზე 313 740 ლარად გაყიდა. როგორც ბუკია ამბობს, ეს თანხა ბევრად აღემატება ჯარიმას და მოითხოვს, დარჩენილი 120 000 ლარი კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადაირიცხოს.
თავისი მდგომარეობის შესახებ გიგა ბუკიამ უკვე აცნობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ინგა გვასალია