გმირი ჯარისკაცის მამა: ივანიშვილი, 8 აგვისტოს სცენარს დაატრიალებს...




"სამშობლო მეძახის"
13:52 08.08.2012
[დავით ჯაბაშვილი]
სამშობლო მეძახის!!!- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ხობში მცხოვრები გმირი - მიხეილ იოსავა ოჯახს. მან, მამას ბესიკ იოსავას სენაკის სამხედრო ბაზაზე წაყვანა აიძულა. 

- ამ ტრაგედიისას მაიმედებდნენ დრო მკურნალია, უნდა ისწავლო მის გარეშე ცხოვრებაო, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მენატრება ჩემი ბიჭი. მისი საფლავი იქცა მთელი ოჯახის საცხოვრებელად. გამწარებული, მაგრამ მაინც ამაყი მამა გახლავართ, რადგან გმირი გამიზრდია... უთხრა 2008 წლის რუსული ინტერვენციის დროს დაღუპული მოხალისის მამამ „პრესა.ჯი“-ს.

- იქნებ გაიხსენოთ დღე, როდესაც თქვენმა ვაჟმა სამშობლოსთვის თავი გაწირა...

- მიშკა შემოქმედი ახალგაზრდა იყო, ხშირად წერდა ლექსებს სამშობლოს სიყვარულზე და გვიკითხავდა. როცა 8 აგვისტოს დასვენება შეწყვიტა და გვითხრა რომ ომში წასვლას აპირებდა, სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე, ვეუბნებოდი შენი გამოუცდელობით ხელს შეუშლი გამოცდილ მეომრებს-თქო. მან გაიღიმა და მოკლე ფრაზით გამაჩუმა. მითხრა: სამშობლო მეძახისო.

დედამისმა ის საკუთარი ხელით ჩასვა ჩემს ავტომობილში და სენაკის სამხედრო ბაზასთან პირადად მივიყვანეთ. იმდენად იყო აღტკინებული რომ სამშობლოს გამოადგებოდა, მისი მოწყენილი სახე არ გვინახავს, გვამშვიდებდა, სულ მალე მოვუღებთ ბოლოს მტერს, ვერ ხედავთ რა ლომები მივდივართო?

გადახედა მის მოხალისე მეგობრებს და ჩვეული ოპტიმისტით დაგვემშვიდობა, აღმოჩნდა რომ სამუდამოდ, რადგან იმავე დღეს სამეგრელოს რეგიონში შემოჭრილმა რუსულმა ბომბდამშენმა, იერიში სენაკის ბაზაზეც მიიტანა, რა დროსაც სამხედრო მანქანაში ჩემი შვილიც სხვა ბიჭებთან ერთად ჩაცხრილეს.

- როდის შეიტყვეთ მომხდარის შესახებ?

- მშობლის გული მაინც სხვაა, მეუღლე მეუბნებოდა საინფორმაციო არ გამოგეპაროს გული ცუდს მიგრძნობს, თან მიშკას ნათლობის ჯვარი არ წაუღია, ის კი მას არასდროს იშორებდაო. მეც მიგრძნობდა გული ცუდს. მომხდარი მალევე გავრცელდა.

მიცვალებული ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, საკუთარი მანქანით წამოვასვენე სახლში. შვილმკვდარ მამას, რუსმა აგრესორმა კი იარაღი დამიმიზნა. ჩემთვის იმ დღეს სიკვდილი შვება იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ოკუპანტმა ეს არ გააკეთა. მიშკა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მივაბარე მიწას. პროცესიის დროს კი, რუსი სამხედროები ირონიულად იღიმოდნენ.

- რა ხდება ოთხი წლის შემდეგ, გეხმარებათ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები?

- საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, ადგილობრივმა მთავრობამ ერთ-ერთ ქუჩას ჩემი შვილის სახელი მიანიჭა, გაკეთდა მემორიალური დაფაც. თავდაცვის სამინისტრო ფინანსურად გვეხმარება. მოხერხდა ჩემი და მეუღლის დასაქმება. რეაბილიტაციაში ნამდვილად გვეხმარება.

სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის ტრაგედიაზე, ზოგიერთი პოლიტიკოსი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ურცხვად დგას და აცხადებს, რომ თურმე ომის გამომწვევი ქართული მხარე იყო. ამით ისინი, იმ გმირებს აყენებენ შეურაცხყოფას, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ.

- „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გულისხმობთ?

- დიახ, ივანიშვილს ვგულისხმობ, მე არავის მხარდამჭერი არ ვარ მაგრამ სამშობლო მიყვარს. ივანიშვილი საშიშია ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთი მშრომელი გლეხის შეფასებით, არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ის 8 აგვისტოს სცენარს დაატრიალებს“.

მიხეილ იოსავასთან ერთად, 9 აგვისტოს ხობის რაიონის მკვიდრი კიდევ რვა ახალგაზრდა გმირი დაიღუპა: 

იოსავა მიხეილი
დაბადების თარიღი, ადგილი: 23 ნოემბერი 1986 წელი, ქ.ხობი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო სენაკი.

ჭოჭუა ლევანი
დაბადების თარიღი, ადგილი: 28 დეკემბერი 1985 წელი, საქართველო, ქარიატა
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო სენაკი.

ბერაია გოგა
დაბადების თარიღი, ადგილი: 19 აპრილი 1986 წელი, პირველი ხორგის თემი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო სენაკი.

ჭითანავა გოგა 
დაბადების თარიღი, ადგილი: 30 ოქტომბერი 1987 წელი, ხობი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო სენაკი.

ხურცილავა დათა
დაბადების თარიღი, ადგილი: 16 თებერვალი 1986 წელი, ქ.ხობი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო სენაკი.

ტურავა ლევან 
დაბადების თარიღი, ადგილი: 9 ივლისი 1975 წელი, ხეთის თემი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო ქ.ფოთი

ქარჩავა გოგიტა
დაბადების თარიღი, ადგილი: 23 დეკემბერი 1987 წელი, ქვემო ქვალონი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო, ქ.ფოთში

ზვიად დათუაშვილი
დაბადების თარიღი, ადგილი: 12 დეკემბერი 1983 წელი,ხობი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 9 აგვისტო 2008 წელი, საქართველო, ქ.ფოთში

რამაზ კიტია
დაბადების თარიღი, ადგილი: 24 სექტემბერი 1975 წელი, ხობი
გარდაცვალების თარიღი, ადგილი : 21 სექტემბერი 2008 წელი, საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხურჩა.