თეთრი ზღვის ღორი კოლხეთის ეროვნული პარკის სანაპიროსთან შენიშნეს



ერთ-ერთ საზღვაო გასვლაზე,  რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაინახეს თეთრი ზღვის ღორი. უჩვეულო დელფინი  მდედრების 5-ინდივიდიან ჯგუფში ერთად იყო, რომლის შემადგენლობაში ერთი პატარა, 1 წლამდე ასაკის ნაშიერი შედიოდა.  
თეთრ ზღვის ღორს, სტუდენტებმა ხატია შეარქვეს, მისი „პირველდამნახველი“ სტუდენტის  საპატივცემოდ. ხატია ზრდასრული ინდივიდია. ხატიას ზურგის მხარე ქათქათა თეთრია, ზურგის ფარფლზე შავი არშია გასდევს და სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნება, თვალებიც შავი ფერის აქვს. აქედან გამომდინარე, თეთრი დელფინი არ არის ალბინოსი, მას აქვს ჰიპოპიგმენტაცია (პიგმენტაციის ნაკლებობა).