
„მე არ მახსოვს აქ – შუა ქვალონში - წყალი რომ იყო. ბავშვებს რომ დავალევინო ნორმალური სასმელი წყალი, ასეთი აქ არ არსებობს. მატლებით არის სავსე ჭა. მყავს მცირეწლოვანი ბავშვები და წყალს ვერ ვასმევ.“
„ჩვენ სოფლის გამგებელს ვუთხარით, როგორმე მილები გააკეთოს, წყალი რომ გამოუშვან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის“, – ამბობს შუა ქვალონის მოსახლეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა ღურწკაიას განცხადებით, შუა ქვალონის მოსახლეობასთან რამდენიმე დღეში კონკრეტული წინადადებებით მივლენ გამგეობის წარმომადგენლები, რადგან წყლის პრობლემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. რაც შეეხება მავნებელს, გამგებლის თქმით, მასთან ბრძოლა უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება.
„სერიოზული პრობლემაა დღესდღეობით, იმიტომ რომ გარკვეული არ არის, თუ საიდან მიიღებენ წყალს, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და ცოტა ხანში დავადგენთ, თუ როგორ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა გოგა ღურწკაიამ. მისივე განმარტებით, გამგეობა მოსახლეობას ყველა სოფელში მცენარეების შესაწამლად ზურგსაკიდ აპარატებსა და შხამ-ქიმიკატებს ურიგებს, რათა მოსახლეობამ თავად შეწამლოს თავისი საკარმიდამო ნაკვეთები.
თავის მხრივ, მოსახლეობა მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო ღონისძიებებს უშედეგოს უწოდებს. მათი თქმით, მიუხედავად შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებისა, სოფელში მავნებლის რაოდენობა არ შემცირებულა.
თამარ ზანთარაია