"განახლებული საქართველო" არჩევნებისათვის მზადებას იწყებს


პარტია "განახლებული საქართველოსთვის" არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და უახლოეს მომავალში რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს.
"საარჩევნო კოალიციაზე, ან გაერთიანებაზე ჯერ  საუბარი არ არის. ჩვენ ვყალიბდებით და ვძლიერდებით. ამიტომ, მარტო დავიწყებთ ბრძოლას და ჩავერთვებით მარათონში", - ამბობს  "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ პარტიის მიმართ ბოლო დღეებში განხორციელებული  პოლიტიკური ზეწოლა პარტიას მუშაობაში ხელს უშლის.
ლაშა გვასალია  მისი მოადგილის ვალერი გაბელიას დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩულით ხსნის. გაბელია სამი წლის წინ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს და იგი პირობით იყო გათავისუფლებული. ამჯერადაც იგივე მუხლით ასამართლებენ.
როგორც გაბელიას ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ News.ge-ის უთხრა, ნახევარი საათის წინ მისი დაცვის ობიექტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას 180-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ასამართლებენ, რაც თაღლითობას გულისხმობს. მუხლი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, გაბელია თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტული პოზიცია კი ვაშაყმაძეს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ექნება. ზაზა ვაშაყმაძემ არასაპატიმრო გირაო 20 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში სასამართლოს შესთავაზა, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა. შემდეგი პროცესი 23 ივლისს გაიმართება.
ლაშა გვასალია ამბობს, რომ მალე მასაც დააპატიმრებენ. მისი თქმით, მისი პარტიის წევრებს ემუქრებოდნენ, "ცდილობდნენ დაშინებას და როცა მიზანს ვერ მიაღწიეს, აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ".
გვასალია პარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნუგზარ შუშანიას დედის დაპატიმრებაშიც პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. მისი ცნობით, რამდენიმე დღის წინ მაკა ლატარია გაიტაცეს, ცდილობდნენ მისგან აგენტი გაეხადათ და ინფორმაცია მიეღოთ პარტიის შიდა საქმიანობის შესახებ. გვასალია ამბობს, რომ შუშანიას ძმის დაპატიმრებაც დაგეგმეს, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო.
მაკა ლატარია ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შიმშილობის, პარტია კი, პერმანენტული აქციების დაწყებას აპირებს.