ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებლების „ოქროკუდასა“ და ამერიკული თეთრი პეპელას მატლების წინააღმდეგ გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, ხობის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია და სააგენტოს წარმომადგენელი ბორის სოსელია. სტუმრებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგა ღურწკაიასთან, გამგებლის მოადგილე ბესიკ ნაჭყებიასთან და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაათვალიერეს ჭალადიდისა და ქარიატის თემებისა და სოფელ შავღელეს ტყის მიმდებარე ზოლები. „ხობის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მატლის ახალი სახეობის – „ოქროკუდას“ შეწამვლა ცხელი ნისლის ტექნოლოგიით, სპეციალური მანქანების საშუალებით მიმდინარეობს, რადგან ტყის მასივის ვერტმფრენით შეწამვლამ შესაძლოა გარკვეული უკუშედეგები გამოიწვიოს. პრობლემურ ზონებში, საიდანაც მატლის გავრცელების კერაა, გათვალისწინებულია ტყის მასივის ჩაკეტვა და მცენარეთა მანქანების საშუალებით შეწამვლა. გარდა ამისა სოფლებში დარიგდება სპეციალური ზურგსაკიდი აპარატები. დანადგარისთვის საჭირო საწვავით კი მოსახლეობას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს“, – განაცხადა გოგა ღურწკაიამ. შეწამვლითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება და ივნისის ბოლოს დასრულდება.