ხობს ფოთისა და ხობის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის გრიგოლის მოწვევით გერმანელი მეცნიერი ჰელმუტ შნაიდერი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი-პროფესორი თენგიზ ირემაძე ეწვივნენ. მეცნიერებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს კულტურის სამსახურში დაცული არქეოლოგიური მასალების ნიმუშები. გერმანელი მეცნიერი დაინტერესდა ძველკოლხური პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე არსებული ორნამენტის სიმბოლიკით, აგრეთვე, მისი განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა ქვები, რომელზეც პიქტოგრამებია გამოსახული. სტუმრებმა დაათვალიერეს ძველკოლხური ნამოსახლარი ,,ტაბაკონას დიხაგუძუბა“ თორსა-დღვაბის თემში, წმინდა სოფიას ეკლესია პირველი მაისის თემში და ხარების დედათა სამონასტრო კომპლექსი ნოჯიხევის თემში.