27 მაისს ხობის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - პავლე კუბლაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკატერინე ხერხეულიძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ 2012 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების საკითხს, რომელიც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიონერების სამედიცინო დაზღვევის თემას, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და ნახევარ მილიონამდე ადამიანს შეეხება. სოციალური პრობლემები, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული საკითხები, სოფლის მეურნეობის განვითარება, დასაქმება - ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რაზეც მოსახლეობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს. ასევე მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილება გამოითქვა ყველა იმ შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც სოფელში განხორციელდა, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.