ირაკლი ალასანიამ ხობის პოლიციასთან აქცია გამართა


კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ხობის პოლიციასთან აქცია გამართა.
„შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი შტაბის ხელმძღვანელს ხობში - მამუკა ქარდავას შეემთხვა. რამდენიმე ადამიანმა, მას ჩუმად, ლაჩრულად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური დამოკიდებულება ადგილობრივი, ნაციონალური ხელისუფლების მიმართ. დღეს, ჩვენ ხობელებთან ერთად შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ პოლიციას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ხობში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე.
პოლიციის ინფორმაციით, პატრულირებისას, ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ  მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე, რკინიგზის გადასარბენზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს.
როგორც შსს-ში აცხადებენ,  20 მაისს, ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს.
თუმცა, იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი სადაც „ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელი ჰყვება, რომ  მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა.