არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ხობში საადვოკაციო შეხვედრა გამართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „აქტიური საზოგადოება დემოკრატიის გარანტი“ . 30 მაისს, პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა საადვოკაციო შეხვედრა, რომელსაც ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია ესწრებოდა. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც ძირითადად კოლხეთის დასახლებაში მცხოვრები დევნილების ყოფა-ცხოვრებას შეეხება, ასევე დაისვა გზების მოხრეშვის, წყლის რეაბილიტაციის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების საკითხი. შეხვედრაზე გამგებელმა ახალგაზრდებს გააცნო უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი გეგმები და პროექტები, ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ჩატარებული და ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სრულდება. პროექტის მიზანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით.