2012 წლის 29 ივნისს კოკისპირულმა წვიმებმა მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში ღელეებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდინარე ხობმა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეუქმნა სოფელ ძველ ხიბულას (საქანთარიოს უბანი), ახალი ხიბულის თემს (სავარდიოს უბანი), საჯიჯაოს თემს (საჯიჯაო-ნარაზენის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერეტორია) და გურიფულის თემს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მამუკა ვაწაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილესთან ვახტანგ ცხადაიასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გამგეობის სამსახურების უფროსებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა დაზარალებული სოფლები. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იგეგმება სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი დაიწყება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.