9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს შინმოუსვლელთა საფლავებს და ყვავილებით შეამკეს იგი. საზეიმო ღონისძიებაზე ვეტერანებს მიესალმნენ და გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ მიულოცეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხობის ტერიტორიაზე მცხოვრებ 30 ვეტერანს სიმბოლურად ამ დღისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, თავიანთ პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ თანხა 100 ლარის ოდენობით, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხობის ბიუროს წარმომადგენელმა დავით ჭითანავამ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები და თანხა 50 ლარის ოდენობით. ღონისძიების დასასრულს ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართა.